მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

როგორ შევადგინოთ პროფესიონალური რეზიუმე

სამსახურის ძიების პროცესში, მნიშვნელოვანია განსხვავდებოდე შენი კონკურენტებისგან. რეზიუმე (CV) სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც წარმოაჩენს, როგორც შენს პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე შესაძლებლობებსა და ცოდნას. პროფესიონალურად შედგენილი რეზიუმე – შენი წარმატების გასაღებია!

„მეიჯერელ საქართველო“-ს შერჩევისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა ქუთათელაძე გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით შენი რეზიუმე მეტად პროფესიონალური და ამავდროულად, მიმზიდველი გახდება.

1. გადახედე ინტერნეტში არსებულ მაგალითებს

სამუშაო პროცესის დაწყებამდე, აუცილებლად მოიძიე და გაეცანი ინტერნეტ სივრცეში არსებულ სხვადასხვა სახის მაგალითებს. ეს პროცესი დაგეხმარება როგორც საწყისი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ასევე შესაბამისი ვიზუალური ფორმატის შერჩევაში.

2. გამოიყენე შაბლონები

ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ სამსახურის მაძიებელთათვის მრავალი ახალი შესაძლებლობა წარმოქმნა. დღესდღეობით, ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა სახის რეზიუმეს შაბლონი მარტივად ხელმისაწვდომია, ხოლო მათი დახმარებით CV-ის შედგენა – გაცილებით მარტივი და საინტერესო. შაბლონი შესაძლებლობას გაძლევს  შექმნა პერსონალური კონცეფცია თუ დიზაინი, რაც შენს კანდიდატურას მეტად მიმზიდველს და გამორჩეულს გახდის.

3. შეარჩიე სწორი ფორმატი

შენი პერსონალური თუ პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მიხედვით, შეარჩიე ქრონოლოგიური, ფუნქციური ან კომბინირებული სახის რეზიუმე. დღესდღეობით, ყველაზე აქტუალური ქრონოლოგიური სახის რეზიუმეა, რომელიც გულისხმობს მონაცემების უახლესიდან უძველესისკენ ჩამოთვლას. მეორე – ეს არის ფუნქციური რეზიუმე, რომელიც ფოკუსირდება შენს უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებაზე. ხოლო, მესამე – კომბინირებულია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს პირველი ორი სახის რეზიუმეს და წარმოაჩენს როგორც შენი პროფესიული საქმიანობის ქრონოლოგიას, ასევე შენს უნარ ჩვევებს.

4. მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია

პოტენციურ დამსაქმებელს მარტივად უნდა შეეძლოს შენთან დაკავშირება, ამისთვის კი აუცილებელია, რეზიუმე შეიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას. ბოლო დროს, სხვადასხვა სოციალური ქსელის ლინკების მითითებაც (LinkedIn) მეტად აქტუალური ხდება. ხშირ შემთხვევაში, ამ ხერხით დამსაქმებელს საშუალება აქვს მოიძიოს საერთო ნაცნობები და საჭიროების შემთხვევაში, კანდიდატის შესახებ მარტივად მოიპოვოს რეკომენდაცია.

5. ყოველთვის შეცვალე კონტენტი და მოარგე კონკრეტულ ვაკანსიას

ორგანიზაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ვაკანტურ პოზიციაზე შესაძლებელია როგორც 50, ასევე 1500-მდე აპლიკაციის მიღებაც კი. შესაბამისად, HR დეპარტამენტის წარმომადგენლები, მიღებული რეზიუმეებიდან, მხოლოდ პოზიციისთვის საუკეთესო უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატებს გამოარჩევენ. თუ შენი CV არ პასუხობს ვაკანსიის მოთხოვნებს, მცდელობა, რომ მოიპოვო სასურველი პოზიცია, წარუმატებლად დასრულდება. გაითვალისწინე, რომ შენი რეზიუმე მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები გამოგადგება პროფესიონალური, თვალსაჩინო და მიმზიდველი რეზიუმეს შექმნაში. დაიმახსოვრე, სწორად ფორმულირებული რეზიუმე – შენი წარმატებული კარიერის საწინდარია.

ნუ დაელოდები შესაძლებლობების გამოჩენას, შექმენი შენი წარმატების გზა თავად!