მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

უეს ანდერსონი — ესთეტი, ხელოვანი, პერფექციონისტი

თუკი უეს ანდერსონის ფილმისთვის ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი, დაგვეთანხმებით, რომ შეუძლებელია, მისი ჯადოსნური, მრავალფერი და მილიმეტრებამდე სიმეტრიული სამყარო ოდესმე სხვაში აგერიოს; მისი განუმეორებლობის საიდუმლო კი, არა მხოლოდ დახვეწილ დეკორაციებსა და დასამახსოვრებელ საუნდტრეკებში, არამედ იუმორში, სითბოში, ზედმიწევნით არჩეულ მსახიობებსა და უნიკალურ დეტალებშია. უეს ანდერსონის ფილმების ყურებისას, ფერადი, სიმეტრიული კადრების მონაცვლეობით მიღებულ ესთეტიკურ სიამოვნებას, ალბათ, ვერაფერი შეედრება — თითქოს, ფოტოალბომს ათვალიერებ და გინდა, ეს ჰარმონია და ენით აღუწერელი სილამაზე ყველგან იყოს. გიფიქრიათ, რა იქნებოდა, უეს ანდერსონი არა მარტო საკუთარი ფილმების, არამედ სამყაროს ინტერიერზე რომ ზრუნავდეს? დაიტევდა დედამიწა ამდენ მშვენიერებას? 

კინემატოგრაფიის ისტორიაში უეს ანდერსონი ერთ-ერთი იმ რეჟისორთაგანია, რომელიც ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, უდიდესი ემპათიითა და სიყვარულითაა განმსჭვალული საკუთარი პერსონაჟების მიმართ და ყოველდღიური, უბრალო ემოციების გადმოცემა გენიალური სისადავით შეუძლია. ალბათ, სწორედ პერსონაჟების მიმართ ანდერსონის უზომო სიყვარულის დამსახურებაა, რომ ყოველი მათგანი ჩვენთვისაც ასეთი ახლობელი და ძვირფასი ხდება, მათი თავგადასავლები ჩვენს ყოველდღიურობას სადღაც აორთქლებს და ისღა გვრჩება, ჩვენს საყვარელ, სევდიან, სასაცილო, ხშირად უცნაურ გმირებს ფილმის უკანასკნელ წუთამდე ვუგულშემატკივროთ. 

უეს ანდერსონის ფილმებში უნიკალურ პერსონაჟებს შეხვდებით და ხშირად შეამჩნევთ, რომ ზრდასრულები ბავშვებივით იქცევიან, ბავშვები კი — ზრდასრულებივით. გადასაღები მოედანი, როგორც წესი, თავადაც პერსონაჟის როლს ასრულებს ხოლმე და ყოველთვის განსაკუთრებული ხასიათის, იდენტობისა და ნიშან-თვისებების მატარებელია. ფერებს ანდერსონის შემოქმედებაში უდიდესი როლი აქვს, რადგან როგორც კონტრასტებს, ისე პასტელურ ტონებს, ისტორიის თხრობისას სათქმელის გადმოცემა ძალიან ეფექტურად შეუძლია. 

უდავოა, რომ სიმეტრიის ოსტატსა და პასტელური ფერებით შექმნილი საუცხოო ესთეტიკის ავტორს უნიკალური ხედვა და დასამახსოვრებელი ხელწერა აქვს, თუმცა, ეპითეტი, რომლითაც უეს ანდერსონის სტილის სრულფასოვნად გადმოცემა შეგვიძლია, არის — კარგად ნაფიქრი. ყველა ვიზუალური გადაწყვეტა, რომელსაც მის ფილმებში ვხვდებით, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ყოველ ელემენტს, იქნება ეს კოსტიუმი, ფერი, დეკორაცია თუ მარტივი ჭრა კადრებს შორის, თავისი მიზანი აქვს. ერთი შეხედვით მარტივი და უმნიშვნელო ელემენტებიც კი, სინამდვილეში, რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული ემოციის გადმოცემას, ამბისთვის ახალი ფენებისა და უფრო მეტი სიღრმის დამატებას ემსახურება. ანდერსონს აქვს უნარი, მაყურებელს ყურადღება გაამახვილებინოს უმნიშვნელო დეტალზეც კი და ამით ამბავი ჩვენამდე ზუსტად ისეთი სახით მოიტანოს, როგორც თავად ჰქონდა განზრახული; სიმეტრიულად გასწორებული სტატიკურ კადრები ამის ერთ-ერთი მაგალითია. ასეთი ხრიკით რეჟისორი არა მხოლოდ საინტერესო და დასამახსოვრებელ კადრს აღწევს, არამედ ჩვენს ყურადღებას ისეთ დეტალებზე ამახვილებს, რომლებიც, სხვა ვითარებაში, უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვჩვენებოდა.

სულ რაღაც 9 ფილმითა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანით უეს ანდერსონმა მოახერხა არა მხოლოდ სხვადასხვა სტილის შერწყმით საკუთარი, უნიკალური ხელწერის შექმნა, არამედ ფენომენალური შედეგის მიღწევა, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ დღეს მას ძალიან ხშირად ახსენებენ, ბაძავენ და სწავლობენ. მაყურებელმა წინასწარ ყოველთვის ზუსტად იცის, რომ ანდერსონის მორიგი ფილმისგან უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებს, თუმცა, არასდროს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, სად მოხდება შემდეგი თავგადასავალი — დაწყებით სკოლაში, გამოგონილი ქვეყნის სასტუმროში, წყალქვეშა გემსა თუ მრავალრიცხოვანი ოჯახის სახლში; მოქმედების ადგილს რეჟისორი ან თავად ქმნის ნულიდან, ან თავისებურად გარდაქმნის და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცევს. 

ტანსაცმელსა და აქსესუარებს უეს ანდერსონის ფილმში არანაკლებ დიდი ყურადღება ექცევა, პერსონაჟების დიდი ნაწილი თავს დასამახსოვრებელი სათვალით, კოსტიუმითა და აქსესუარით იწონებს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები, ხშირად, სულაც არაა შემთხვევით არჩეული და პერსონაჟის შინაგან სამყაროსა თუ განცდებს გამოხატავს. ანდერსონის ფილმებში პოლიგრაფია ცალკე ყურადღების ღირსია — პერსონაჟები ხშირად წერენ ხელით ან ბეჭდავენ და ის, თუ როგორაა გაფორმებული ეს წერილები თუ ჩანაწერები, ფილმების გმირების შესახებ ბევრს გვიყვება. გრაფიკული დიზაინის ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების ავტორი უეს ანდერსონის უმცროსი ძმა, ილუსტრატორი და მწერალი — ერიკ ჩეიზ ანდერსონია. 

ანდერსონის ერთ-ერთი საყვარელი ხერხია, როდესაც კამერა პერსონაჟის პარალელურად მოძრაობს და მას “უთვალთვალებს”; ასე გვეჩვენება, რომ ფილმის გმირები თოჯინების გიგანტურ სახლში არიან, რეჟისორის კამერა კი, მარტივად გადალახავს კედლის ბარიერს და ხან ერთ, ხან კი, მეორე ოთახში გვახედებს, თუმცა, მოქმედების სიღრმეში არ შედის. ეს ბრტყელი, დეკორაციასავით აწყობილი სამყარო ერთგვარი თეატრალური დადგმის შთაბეჭდილებასაც ქმნის. 

თავებად დაყოფილი ისტორიები უეს ანდერსონის ფილმების განუყოფელი ნაწილია; ამ ხერხით, რეჟისორი, თითქოს, მაყურებელს არ აძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რომ ჩვენ წინ ნაწარმოებია და არა რეალობა. ამ ხრიკს კიდევ უფრო მეტად პერსონაჟების მონოლოგები და დიალოგები ამყარებს — ფილმის გმირები, როგორც წესი, გამოხატული ემოციური ინტონაციით საუბრობენ, მიუხედავად იმისა, თუ რის თქმას ცდილობენ ერთმანეთისთვის. ანდერსონის დიალოგებში განსაკუთრებული ისაა, რომ სასაცილო და გულუბრყვილო წინადადებებს გმირები სერიოზულად ამბობენ, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან სათქმელს კი — პათოსისგან სრულად დაცლილად. ტექსტებს ვიზუალური მხარეც ეხმარება ხოლმე — ანდერსონის ფილმებში ხშირად ხდება ისე, რომ პერსონაჟი ერთს ამბობს, გარემოში კი, სრულიად საპირისპირო მოვლენა ხდება, რაც სცენებში სასაცილო მომენტებს ქმნის. 

ისტორიისა და სამყაროს უცნაური კუთხით გადმოცემა უეს ანდერსონს პერსონაჟებისა და მათი პრობლემების შესახებ გულწრფელად და განსაკუთრებულად მოყოლაში ეხმარება; მისი ფილმები მელანქოლიით გაჟღენთილი კომედიებია, რომლებსაც ხშირად პრობლემატური ოჯახური ფონი გასდევს, პერსონაჟების განყენებული და არაემოციური ხასიათი კი, მათი პრობლემების არსის უკეთ გაგებაში გვეხმარება. საბოლოოდ, ანდერსონი ყოველთვის უტოვებს საკუთარ პერსონაჟებს უკეთეს ადამიანებად ქცევის საშუალებას, თუმცა, როგორც წესი, ყველა კონფლიქტის მოგვარებას და კვანძის გახსნას გარკვეული საზღაური აქვს, ამიტომ ფილმების გმირებს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად რაიმეს გაღება ხშირად უწევთ. სიკვდილსა თუ პირად ტრაგედიას პერსონაჟები, როგორც წესი, ემოციების გარეშე ხვდებიან, თუმცა, იმის მიღება და გააზრება რომ სამყარო, ოჯახი თუ თავად ისინი არ არიან სრულყოფილნი, ფილმის გმირებს გათავისუფლების საშუალებას აძლევს და მაყურებელსაც შვებას გვრის.