მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

საიდ იუსიფის გზა ირანიდან მეიჯერელ საქართველომდე

World Vision საქართველო 2019 წლიდან ახორციელებს UNHCR-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს „თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა“ და ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე პირების უნარ-ჩვევების გაძლიერებას, დასაქმებასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში. ჩვენი თანამშრომელი — საიდ იუსიფი კი, მათი ბენეფიციარი და ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირია.

20 წლის საიდი ირანში დაიბადა, აზერბაიჯანში გაიზარდა და დღეს ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან ურთულესი, გამოწვევებით სავსე გზა გაიარა, თუმცა, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დანებებულა, არ შეუწყვეტია განვითარებასა და წინსვლაზე დაუღალავი ზრუნვა. წარმოშობით ავღანელმა საიდმა ბავშვობის ნახევარი ირანში,  უკიდურეს სიდუხჭირესა და განათლების მიღების ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულმა გაატარა. სულ შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახის რჩენა მისი ყოველდღიურობა გახდა — არალეგალურად დაიწყო ავეჯის ქარხანაში მუშაობა და რადგან ხშირად ტრანსპორტის ფულიც არ ჰქონდა, დღეში 3 საათს ფეხით დადიოდა სამსახურამდე და უკან. საკუთარ თავს ყოველ დილას უმეორებდა, რომ თუ სამუშაოზე დროულად გამოცხადდებოდა და საქმესაც მალე მორჩებოდა, სახლში მისული მულტ. ფილმის ყურებასაც შეძლებდა, თუმცა, სამსახურიდან დაბრუნებულს საყვარელი გადაცემა ყოველთვის დასრულებული ხვდებოდა, რადგან დღეში 9-10 საათი მუშაობდა.

2009 წელს საიდის ოჯახი საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა, სადაც საიდი სპორტით დაინტერესდა. ის იმდენად გაიტაცა კარატემ და ბოქსმა, რომ სულ მალე, 15 წლის ასაკში,  ევრაზიის ჩემპიონი გახდა. საიდი წარმოუდგენლად მოტივირებული იყო და სპორტულ კარიერასთან ერთად 4 ენის — თურქულის, აზერბაიჯანულის, ინგლისურისა და რუსულის სწავლაც მოახერხა. 15 წლის საიდი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რომლის შედეგადაც ტვინის დაზიანება მიიღო, რეაბილიტაცია კი, რამდენიმე თვე გაგრძელდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევამ ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერა დაასრულა. საიდის ცხოვრებაში აზერბაიჯანში გატარებული პერიოდი ახალი გამოცდილების დაგროვებისა და გაძლიერების შესაძლებლობა იყო, თუმცა, თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების ძიებაში მისმა ოჯახმა საქართველოში გადმოსვლა გადაწყვიტა.

2017 წელს ოჯახი საქართველოში გადმოვიდა; თავდაპირველად მისი ოჯახი მარტყოფში ცხოვრობდა. მალე მათ თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი მიიღეს, საიდი კი, აქაც არ წყვეტდა ოჯახზე ზრუნვას: ადგილობრივებთან ერთად მშენებლობებზე მუშაობდა, ზოგჯერ სახლებსაც კი ალაგებდა. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, საიდი ყოველთვის მოტივირებული იყო, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.

სწორედ ამ პერიოდში საიდს UNHCR დაუკავშირდა და ფსიქოლოგიური თერაპიის სერვისთან ერთად სკოლაში რეგისტრაციის პროცესში დახმარება შესთავაზა. UNHCR-ის რეკომენდაციით, საიდი World Vision საქართველოს მულტი-სერვისულ ცენტრს ესტუმრა, რომელიც ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისათვის უსაფრთხო გარემოა –აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჭირო სერვისებზე ინფორმაციის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება. World Vision საქართველომ საიდის ოჯახისათვის ქართული ენის გაკვეთილები უზრუნველყო, ამასთან ერთად კი, საიდმა IT კოლეჯიც დაამთავრა.        

2021 წელი, კოვიდ პანდემია, როგორც მთელი მსოფლიოსთვის ისე საქართველოსთვისაც გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. საიდის მშობლები განქორწინდნენ, დედისა და და-ძმის რჩენა კი, ისევ მას მოუხდა. თუმცა, ამჯერად, ოჯახზე ზრუნვას მეტი მოტივაციით შეუდგა, რადგან ზურგს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ოთხი უცხო ენის ცოდნა უმაგრებდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საიდი აქტიურად ეძებდა სამსახურს და დახმარებისათვის World Vision საქართველოსაც დაუკავშირდა, რომელთანაც მეიჯერელს რამდენიმეწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. სწორედ ასე აღმოვაჩინეთ საიდი, რომელმაც კომპანიაში ტექნიკური მხარდაჭერის მრავალენოვანი სპეციალისტის პოზიცია შეითავსა. “შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ მოდის, ამიტომ, კარი ფართოდ უნდა გავუღოთ და ჩავეხუტოთ მას,” – თქვა საიდმა. მეიჯერელ საქართველოში მიღებულმა სამუშაო გამოცდილებამ საიდს პიროვნული უნარ-ჩვევები გაუუმჯობესა და თვითრწმენა შემატა; როგორც თავად ამბობს დიდ სიამოვნებას იღებს ყოველდღიურად ადამიანების დახმარებით, მათთან კომუნიკაციით და ამავდროულად სხვა საყვარელი საქმიანობებისთვისაც რჩება დრო. “ახლა არაფერს ვგეგმავ, უბრალოდ ვცხოვრობ დღევანდელი დღით და სიფრთხილით ველოდები იმას, რასაც ცხოვრება მიმზადებს,” – ამბობს საიდი.