მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელ საქართველო Grace Hopper-ის დაჯილდოების პროგრამაზე

ყველაზე სახიფათო ფრაზა, რასაც ადამიანი ამბობს არის: „ჩვენ ამას ყოველთვის ასე ვაკეთებდით.“ მე კი ვცდილობ, ამას შევებრძოლო. – გრეის ჰოპერი.

ეს სიტყვები მე-20 საუკუნის კომპიუტერული მეცნიერების ცნობილ ამერიკელ სპეციალისტს, გრეის ჰოპერს ეკუთვნის, რომელმაც რევოლოციური ცვლილებები შეიტანა ამ სფეროში. სწორედ მის სახელს ატარებს დაჯილდოების პროგრამა,  რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში ქალთა ძალისხმევისა და ღვაწლის წახალისებას.  გარდა ამისა, ის მხარს უჭერს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გავრცელებას ინდუსტრიაში. დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში, ინდუსტრიის გამორჩეული ლიდერები, ტექნოლოგიური სტარტაპები და ორგანიზაციები, როგორიცაა: ჩართე, B2CGE და Sweeft digital, სხვადასხვა ნომინაციებზე იყვნენ წარდგენილი. 

მეიჯერელ საქართველომ როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა პარტნიორმა, წარადგინა ნომინაცია – ქალთა გაძლიერების ქომაგი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. 

ნომინაციას  რამდენიმე გამორჩეული კანდიდატი ჰყავდა:

  • გიორგი ჭაჭუა – ფაბლაბის მენეჯერი, ლექტორი და ICT ტრენერი;  
  • ნათია სირბილაძე – ექზაქტპროს თბილისის აღმასრულებელი დირექტორი და GeoSTQB-ის თანადამფუძნებელი; 
  • თამთა კაპანაძე – სტაჟიორი ბექენდ დეველოპერი ევროპაბეთში, WomenTechMakers ამბასადორი და გუგლის დეველოპერთა ასოციაციის წევრი.  

აღსანიშნავია, რომ ICT  მხარდამჭერი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სფეროს განვითარებასა და დარგში ქალების როლის გაძლიერებაში, ისევე როგორც ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაში. 

თეა რომანოვა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

“ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ სფეროში, სულ უფრო და უფრო მეტი ქალი იმკვიდრებს ადგილს. იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი, მეიჯერელიც იქნება.” – აღნიშნა თეა რომანოვამ, მეიჯერელ საქართველოს ჰრ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. 

აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებული და 2022 წლის ICT მხარდამჭერი, გახდა თამთა კაპანაძე, რომელიც მეიჯერელ საქართველომ ლონდონის საგზურითა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური ივენთის, Women of Silicon Roundabout-ის მოსაწვევით დაასაჩუქრა. ღონისძიება 2022 წლის ნოემბერს, ლონდონში გაიმართება და მას ტექნოლოგიური ინდუსტრიის 4500-ზე მეტი ლიდერი და ინოვატორი დაესწრება. 👨‍💻🌟

თამთა კაპანაძე – ICT მხარდამჭერის ნომინაციის გამარჯვებული

თამთა 2019 წლიდან გუგლის დეველოპერთა საზოგადოების წევრი და სხვადასხვა ტექ ბანაკების ორგანიზატორია. ამასთანავე, თამთა women in Tech from Georgia-ს თანადამფუძნებელი, WTM ამბასადორი და არაერთი ჯილდოს ფლობელია. ის აქტიურად ზრუნავს ქალთა გაძლიერებაზე, ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეგიონებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე.

მეიჯერელი, ქალთა გაძლიერების პრინციპების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ზრუნავს დასაქმებულებისთვის ყველა იმ საჭირო სასწავლო რესურსისა და მხარდაჭერის მიწოდებაზე, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განვითარებისთვის არის საჭირო, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბით.