მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

კომპანია მეიჯერელში თანამშრომლებისთვის მშობელთა კლუბი შეიქმნა

მეიჯერელ საქართველოს გუნდში ათასობით თანამშრომელს ვუყრით თავს: კომპანიაში სხვადასხვა პროფესიის, ინტერესისა და მიზნის მქონე უამრავი განსხვავებული ადამიანი დავასაქმეთ; თუმცა, ის, რაც მათ ერთ ნაწილს აერთიანებს — მშობლის სტატუსია. უდიდეს პრივილეგიასთან ერთად, მშობლობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაცაა; სწორედ ამიტომ, კომპანია მეიჯერელში იმ თანამშრომლების მხარდაჭერა გადავწყვიტეთ, რომლებიც პანდემიის პერიოდში დისტანციურ მუშაობასა და შვილების აღზრდას უთავსებდნენ ერთმანეთს.

           ამ იდეის განსახორციელებლად, ჩვენი თანამშრომლებისათვის კომპანიაში მშობელთა კლუბი შევქმენით და საინტერესო აქტივობები დავგეგმეთ. კლუბის წევრები, ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილთან ერთად, დოქტორ სტიუარტ შენკერის წიგნს — “სელფ რეგს” ნახევარი წლის განმავლობაში დაამუშავებენ და ყველა მშობლისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ინტენსიურად ისაუბრებენ.

           მშობლობის პასუხისმგებლობასთან გამკლავება, ზოგჯერ, ჩვეულებრივზე რთული ხდება; ასე იყო პანდემიის დროსაც, როდესაც მშობელთა უმრავლესობას სამუშაოს დისტანციურად შესრულებასთან ერთად შვილების აღზრდა-განათლება და გართობა უნდა მოეხერხებინა. სწორედ ამიტომ, კომპანიის შიდა სამოტივაციო “Feel Good” პროგრამის ფარგლებში, სტიუარტ შენკერის საოცარი აღმოჩენების გაზიარება გადავწყვიტეთ და ურთიერთდახმარების გზით დაბრკოლებების გადალახვა, გამოცდილების გაზიარება და სირთულეებზე ღიად საუბარი დავისახეთ მიზნად.

“ადამიანებს გვწყურია ადამიანებთან ურთიერთობა და გვჭირდება უსაფრთხო სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ემპათიით შევხედოთ ყოველდღიურობის ყველა გამოწვევას; ეს გვეხმარება, უფრო მეტი სიმამაცით, სიყვარულით და სილაღით ვიცხოვროთ და წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ასეთი ადგილია მეიჯერელის Feel Good პროგრამის ფარგლებში დაარსებული “მშობელთა კლუბი”, რომელიც მზრუნველი, გონივრული და მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომის ხორცშესხმის ფანტასტიკური მაგალითია.” — თქვა ნინო მარგველაშვილმა.

           მშობლების სახელმძღვანელო “სელფ-რეგი” 2016 წელს გამოიცა და უამრავი ადამიანის სამაგიდო წიგნად იქცა; თვითრეგულაციის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტმა, პროფესორმა სტიუარტ შენკერმა, ამ სახელმძღვანელოში ახლებური ხედვით წარმოადგინა საკითხები, რომლებიც ყველა მშობლისათვის ხდება აქტუალური ბავშვის ზრდისა და ჩამოყალიბების გარკვეულ ეტაპზე. ნეირომეცნიერებასა და ფიზიოლოგიაში გაკეთებული ეს საოცარი აღმოჩენები დღემდე არსებულ გაგებას სრულად ცვლის და რადიკალურად განსხვავებულად გაგვააზრებინებს იმას, თუ რა ხდება ტვინში, როდესაც ბავშვი და თინეიჯერი ჭარბი სტრესის ქვეშ იმყოფება. მეცნიერ ავტორს სჯერა, რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი; მეტიც, შენკერი გვარწმუნებს, რომ ჩვენი შვილების ყველაზე რთული და გამაღიზიანებელი ქცევაც კი ახსნას ექვემდებარება და, როგორც წესი, მაპროვოცირებელი ხშირად სტრესია.

           მშობელთა კლუბის წევრები ერთმანეთს თვეში ორჯერ შეხვდებიან და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთვებიან. ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის დახმარებით, კლუბის წევრები ბავშვებისა და მშობლების ყველაზე რთული, შემაშფოთებელი ქცევების გაგებასა და გააზრებას “სელფ-რეგის” რევოლუციური მეთოდით შეძლებენ. დამუშავებული მასალის ერთობლივად გაანალიზების საშუალება კი, შეხვედრების შემდგომ, კლუბის დახურულ ჯგუფში ნებისმიერ სასურველ დროს ექნებათ.