მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

გაიცანით მარიამ გურგენიშვილი — დებიუტანტი მწერალი

            მეიჯერელ საქართველო უამრავ საინტერესო, უნიკალურ ადამიანს აერთიანებს; დღეს ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს — მარიამ გურგენიშვილს გაგაცნობთ, რომლის სადებიუტო რომანი “მარგალიტები” 25 სექტემბრიდან მკითხველისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა ხელმისაწვდომი. 

მარიამ, გვიამბე შენს შესახებ, როგორ მოხვდი მეიჯერელ საქართველოში?

პირველ რიგში, მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ ინტერვიუსთვის. რაც შემეხება მე, თუ დავიდ კოპერფილდისეულად დავიწყებ თხრობას, გეტყვით, რომ დავიბადე 1996 წლის 30 მაისს, ხუთშაბათს, ჯერ კიდევ გამთენიამდე. ახლა უკვე მეოთხედი საუკუნის ქალი ვარ. წარმოშობით კახეთიდან გახლავართ, ძალიან ლამაზი და ისტორიული სოფლიდან — ველისციხიდან. იქ გავიზარდე და დავამთავრე სკოლა, თუმცა, მეთორმეტე კლასში 11 თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოვახერხე “Jefferson High School”-ში სასწავლად გადაფრენა. ეს „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ დამსახურებით მოხდა, რომელსაც ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს და, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, 17 წლის ასაკში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ ორმოც უმაგრეს ფინალისტს შორის აღმოვჩნდი. ასე ავიხდინე ბავშვობის ნატვრა — საკუთარი თვალით მეხილა ამერიკა.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე სრული სახელმწიფო დაფინანსებით და ოთხი წლის შემდეგ წარჩინებით დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ გაცვლით, ერასმუს + პროგრამაში და ექვსი თვის მანძილზე ვიცხოვრე სტუდენტურ კამპუსში, რუმინეთში, კულტურული და ეთნიკური თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო გარემოში. ვფიქრობ, რომ ამ წლებმა უამრავი სასარგებლო უნარ-ჩვევა გამომიმუშავა და ნამდვილად საჭირო განათლება მომცა.

საბოლოოდ კი, მაინც მივხვდი, რომ ჩემთვის წერა უბრალოდ ჰობი ვერ იქნებოდა და სწორედ ამ მიმართულებით მსურდა კარიერის შექმნა. სანამ ამ მიზანს სისრულეში მოვიყვანდი, არ მინდოდა, დრო უქმად დამეკარგა და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, მრავალფეროვან, განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება დამეგროვებინა. ძიებამ, საბოლოოდ, მეიჯერელ საქართველომდე მომიყვანა; უფრო კონკრეტულად კი, ამ შესანიშნავი კომპანიის ადმინისტრაციულ გუნდს 2021 წლის მარტში შემოვუერთდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ.

როდის გაგიტაცა ლიტერატურამ? რომელ ჟანრს გამოარჩევდი?

2003 წლის ზაფხულს, როცა პირველი კლასი დავხურე და დამარცვლით კითხვა ვისწავლე, დედაჩემმა გადაწყვიტა, როგორმე სახლში შევეტყუებინე და განზრახვის ასრულებაში ასტრიდ ლინდგრენი დაიხმარა; სწორედ ვილა “ვილეკულას” კართან ერთად გაიღო ჩემთვის სამყარო, რომელიც დღემდე ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ასტრიდ ლინდგრენის სკოლაგამოვლილმა, მალევე ვიპოვე შარლოტა ბრონტე, ლუიზა მეი ალკოტი, ჯინ ვებსტერი, მარგარეტ მიჩელი. შევხვდი ჯეინ ეარს, ჯო მარჩს, ჯუდი აბოტს, სკარლეტ ო’ჰარას — ქალებს, რომლებიც არც მატარებელს უვარდებოდნენ ბორბლებში და არც თავებს იწამლავდნენ, სასოწარკვეთილები. ახლაც მახსოვს ის პირველი სიხარული, ის ჩუმი აღფრთოვანება, როცა მივხვდი, ზემოხსენებულ გმირებს თავში ჭკუაც ჰქონდათ და ჭკუაზე მეტი ძალაც, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე  ხშირი მოვლენა იყო ქალი გმირებისთვის კლასიკურ ლიტერატურაში. თავდაპირველად, ვფიქრობ, ვერც ვაცნობიერებდი, რატომ მომწონდა თუნდაც ჯეინ ეარი ან სკარლეტ ო’ჰარა ბევრად მეტად, ვიდრე ანა კარენინა და მადამ ბოვარი. ახლა კი, ნაწარმოების ქალი პროტაგონისტის მიხედვით, კაცი ავტორის შექმნილ წიგნს ქალი ავტორის შექმნილისგან ისე ვარჩევ, ავტორის სახელს არც კი შევხედავ.

თითქმის ყველა ჟანრს ვკითხულობ და მიყვარს, თუმცა უპირატესობას მაინც ქალურ ნარატივს ვანიჭებ. ვფიქრობ, ქალ მკითხველს ჰაერივით სჭირდება ქალი მწერალი, ამიტომ, ჩემი მიზანი და ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ქალის ისტორია მოვყვე და, მიუხედავად მათი პერსონალური თუ კოლექტიური ტრავმებისა, მკითხველს ის   რკინის კონსტრუქცია ვაჩვენო, რომლისგანაც შინაგანად თითოეული ჩვენგანია აგებული.

როდის დაიწყე წერა?

თუ არ ვცდები, მესამე კლასში ვიყავი, პირველი რომანის დაწერის მცდელობა რომ მქონდა.

როგორი იყო ამ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესი და რა საფეხურები გაიარე იდეის დაბადებიდან წიგნის დასრულებამდე? რა დრო დაგჭირდა?

„მარგალიტების“ შექმნას ჩემი მეგობრისა და სეხნიის ერთმა პატარა მესიჯმა ჩაუყარა საფუძველი. მირჩია, მონაწილეობა მიმეღო გამომცემლობა Palitra L-ის კონკურსში, სახელად „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი. ეს იყო 2020 წლის აპრილის ბოლო, კონკურსის ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მივადევნე კონკურსის ვადებს თვალი, თუმცა, გამიმართლა, რომ წიგნის იდეა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დალექილი ქვეცნობიერში და პირველი ოცდაათი გვერდი ერთი ამოსუნთქვით შემომეწერა; კალამი, თითქოს, თავისით დაფრინავდა ფურცლებზე და ტექსტის გადატანისას – თითები თავისით დახტოდნენ კლავიატურაზე. ბავშვობიდან შემორჩენილი ჩვევაა, რომ ჯერ ყოველთვის წიგნაკში ვაკეთებ ჩანაწერებს.

კონკურსში შესული უამრავი განაცხადის გადარჩევის შემდეგ მოვხვდი იმ აპლიკანტებს შორის, რომლებსაც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, შემდეგ კი უკვე ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტიც გავხდი. საბოლოოდ, არჩევანი სხვა ფინალისტზე შეჩერდა, თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, გამომცემლობა  ძალიან დაინტერესდა ჩემი ნაწერით — მივიღე შემოთავაზება, ნაწარმოებზე მუშაობა გამეგრძელებინა და დასრულებული ვარიანტი მათთვის გამეგზავნა. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ გადავუხადო მადლობა გამომცემლობა Palitra L-ს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, რომ შესაძლებლობა მომცეს მთელი ჩემი ცხოვრების ნატვრა ამეხდინა.

„მარგალიტების“ წერა 2020 წლის 19 აგვისტოს დავასრულე. თარიღიც ძალიან ბედნიერმა ჩავინიშნე წიგნაკში, რომ არასოდეს დამვიწყებოდა. საბოლოოდ, მხოლოდ პირველი ორმოციოდე გვერდი დარჩა უცვლელი იმ ტექსტიდან, რაც კონკურსში მქონდა გაგზავნილი, დანარჩენი წერის პროცესში რადიკალურად შევცვალე და, ვფიქრობ, ამის შედეგად, თხრობა ბევრად საინტერესო და დინამიკური გახდა. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო ჩემ გვერდით რამდენიმე მარგალიტივით ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ძალიან სჯეროდა ჩემი და ჩემი უნარების. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ მათგან ფრთაშესხმულმა, ოთხ თვეში დავწერე ეს წიგნი.

გვიამბე ნაწარმოების შესახებ.

წიგნის მთავარი გმირი, მარგო ალიაშვილი, მეათე კლასშია, თბილისის ერთ პატარა უბანში ცხოვრობს და ოცნებობს, მწერალი გახდეს, მკერდი გაეზარდოს და ბიჭებს მოსწონდეთ. ვინაიდან ჯერ კიდევ მარგალიტა ბებოს —  მათემატიკის მასწავლებლისა და ქრისტეს მხევლის ჭერქვეშ ცხოვრობს, იძულებულია, უწინარეს ყოვლისა, მათემატიკა იმეცადინოს და ეკლესიაში იაროს. ამ და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს, როგორებიცაა: პურის დაუსრულებელ რიგებში დგომა, ლამფის შუქზე მეცადინეობა, გაყინულ კედლებში დაძინება, მარგო დასთან, ანა ალიაშვილთან და ბიძაშვილთან, ბელა ალიაშვილთან ერთად უმკლავდება. მიუხედავად მცირე ტირანიული მიდრეკილებების მქონე  ბებიის და ჭორიკანა მეზობლებისა, სამივე ლაღად, ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე ერთ დღესაც მათი ცხოვრება რადიკალურად არ იცვლება. მოქმედება 1990-იანი წლების თბილისში ხდება — ჩაბნელებულ, ნავთის ლამფებით ძლივს განათებულ დროში, ამ პატარა გოგოების ირგვლივ, რომლებსაც უყვართ, სტკივათ, უხარიათ და ყოველთვის, ყოველთვის იბრძვიან ერთმანეთისთვის.

ალბათ ცხოვრების განმავლობაში უამრავი იდეა დაგბადებია, რა ნიშნით ასხვავებ, რომელზე ღირს მუშაობის გაგრძელება და რომელზე — არა?

წერის შემთხვევაში, პროცესს ასე ლოგიკურად არ ვუდგები; რომელი იდეაც უფრო ახლოსაა ჩემს გულთან და მოცემულ მომენტში რომელიც უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს, სწორედ მასზე ვიწყებ მუშაობას, დანარჩენ აზრებს სამომავლოდ ვინახავ.

ზოგადად, მოთმინების ძალიან დიდი უნარი მაქვს, როცა საქმე ჩემს გეგმებს ეხება. ვიცი, რომ შეიძლება, ახლაც მაქვს იდეა, რომელიც, შესაძლოა, 2-3 ან, თუნდაც, 5 წლის შემდეგ განხორციელდეს; ჯერ უნდა გავიზარდო, შევემზადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათზე აქტიურ ფიქრს არ გავაგრძელებ და ადრე თუ გვიან მაინც სისრულეში არ მოვიყვან ამ მიზნებს.

დაასახელე ერთი ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის ავტორიც გინდა, შენ იყო.

ასეთი ნაწარმოები „მარგალიტებია“. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, გამორჩეულად მიყვარს მარგარეტ მიჩელის „ქარწაღებულნი“. ხშირად ვხუმრობ ხოლმე მეგობრებთან, რომ სკარლეტი ჩემი სულიერი დაა. მართლაც ბევრ საერთოს ვხედავ ჩვენ ორს შორის და ხანდახან მიჩნდება განცდა, თითქოს, წიგნის ზოგიერთი მონაკვეთი მე დავწერე, ანდა, ჩემზეა დაწერილი.

            მარიამს წარმატებებს და ყველა იდეის სისრულეში მოყვანას ვუსურვებთ, გვჯერა, “მარგალიტები” წარმატებული კარიერის შესანიშნავი დასაწყისია!